თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ის ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. ამის შესახებ ხუთშაბათს, 25 ივნისს საქართველოს შსს იუწყება.
1979 წელს დაბადებული ალირეზა ალ საზეგარი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან იძებნებოდა.
”კალიფორნიის შტატის უმაღლეს სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, 2010 წლის 6 ივლისს ალირეზა ალ საზეგარიმ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას ალირეზა ალ საზეგარიმ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პირი აუკრა, ხელ-ფეხი შეუკრა და აბაზანაში ჩაკეტა, შემდეგ კი მოკვლით დაემუქრა, თუ ის მომხდარზე პოლიციაში განაცხადებდა. მომდევნო დღეს ალირეზა ალ საზეგარიმ მეუღლეს სახლის დატოვება აუკრძალა და პირადობის მოწმობა, საკრედიტო ბარათები და გასაღები ჩამოართვა”, — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მას თანამშრომლებმა მიაკითხეს, ქალმა პოლიციას მიმართა.
”პოლიციელებმა საცხოვრებელ სახლში ასევე აღმოაჩინეს 20 ფარული ვიდეოკამერა, რომელთა მეშვეობითაც ალირეზა ალ საზეგარი, სავარაუდოდ, საკუთარი მობილური ტელეფონით მეუღლეს უთვალთვალებდა”, — აღნიშნულია განცხადებაში.