თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მაქს როზის ქუჩაზე, ბრიუსელის სკარბეკის კომუნაში ჩხრეკისას პოლიციამ „იბრაჰიმ ელ ბაქრაუის ანდერძი“ აღმოაჩინა, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტის ჩამდენ თვითმკვლელად არის იდენტიფიცირებული, იუწყება ბელგიის გენერალური პროკურორი ფრედერიკ ვან ლევი ოთხშაბათს.
„ის (ელ ბაქრაუი — რედ.) წერს, რომ მას აჩქარება უწევს, და მან არ იცის, რა გააკეთოს. რომ მას ყველგან ეძებენ და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, და თუ ერთ ადგილზე გაჩერდება, მას ციხის საკანში მოხვედრა ემუქრება“, — უამბო ჟურნალისტებს ბრიუსელში პრესკონფერენციაზე პროკურორმა.
ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში 22 მარტს, დილით ორი აფეთქება გაისმა. ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ ინციდენტთან რამდენიმე ტერორისტი-თვითმკვლელი შეიძლება იყოს დაკავშირებული.
ტელერადიოკომპანია RTBF-ის მონაცემებით, ორი მათგანის ვინაობა უკვე დადგენილია. ესენი არიან ძმები იბრაჰიმ და ქალიდ ელ ბაქრაუიები. RTBF-ის ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა ბრიუსელის კომუნა ფორეში ყალბი საბუთებით საცხოვრებელი ფართი იქირავა, სადაც 18 მარტს პოლიციამ პარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდელსალამი ორმხრივი სროლის შემდეგ დააკავა.
მესამე აფეთქება სამშაბათს ბრიუსელის მეტროს სადგურ „მაელბეკზე“ ვაგონში მოხდა. ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ შეტევაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. კრიზისული ცენტრის მონაცემებით, ბრიუსელში ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 250-მა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო. ბელგიაში ტერაქტების გამო ხელისუფლებამ ტერორისტული საშიშროების მეოთხე, მაქსიმალური დონე შემოიღო.