თბილისი, 23 მარტი- Sputnik. /სოფო კაკაჩია/ აბაშის რაიონის სოფლებში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) ტყვირში, პირველ მაისში, გაუწყინარსა და სეფიეთში განახლებული სკოლამდელი დაწესებულებები გახსნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ. მანამდე არსებული საბავშვო ბაღების შენობები ავარიული იყო და მოსახლეობას ბავშვები მეზობელ სოფლებში დაჰყავდა.
„პირველი მაისის ბაღის მშენებლობაზე 800 000 ლარი დაიხარჯა, რომელიც 75 ბავშვზეა გათვლილი და 11 ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება ბავშვების რაოდენობას, აბაშის მუნიციპალიტეტში მთლიანობაში ორი წლის წინ 320 ბავშვი იყო, დღეს კი 740 ბავშვია სკოლამდელ დაწესებულებებში. ბაღების მშენებლობა რეგიონში წელსაც პრიორიტეტულია, მნიშვნელოვანია ბავშვებმა პირველადი განათლება თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში მიიღონ“, — განაცხადა გუბერნატორმა ლევან შონიამ.
ბოლო სამი წლის განმავლობაში აბაშაში სულ 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო ხუთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კი ბოლო სამი წლის განმავლობაში აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 200-ზე მეტ საბავშვო ბაღს.