თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი თბილისის გარეუბანში, კაიროს ქუჩაზე უპატრონო ძაღლებისთვის ახალ თავშესაფარს აშენებს, რაზეც ის Facebook-ის თავის გვერდზე წერს.
ელიზბარაშვილს ძაღლების თავშესაფარი ადრე ჰქონდა მდინარე ვერეს ხეობაში, მაგრამ 13 ივნისის ღამეს თბილისში წყალდიდობის დროს ის დაიტბორა. მაშინ თავშესაფრის ნახევარზე მეტი ბინადარი დაიღუპა. „თბილისის მთავრობამ იმის ნახევარი კომპენსაცია მომცა, რაც კანონით მეკუთვნოდა. 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მე მოსახლეობას დავპირდი, რომ თუ არ იქნებოდა მხარდაჭერა, მაშინ მარტო, საკუთარი ფინანსებით ავაშენებდი ახალ თავშესაფარს. ამ პირობას ვასრულებ და კაიროს ქუჩაზე თავშესაფარს ვაშენებ“, — განაცხადა ელიზბარაშვილმა სვანიძის ქუჩის აღდგენის კომიტეტის შეხვედრაზე.
ახლა კაიროს ქუჩაზე 140 ძაღლი და 70 ლეკვია. ხოლო სვანიძის ქუჩის დატბორილი თავშესაფრის ნანგრევებში 30 ძაღლი ბინადრობს. მშენებლობის დასრულების შემდეგ მათ ახალ თავშეასაფარში გადაიყვანენ. ელიზბარაშვილი ამტკიცებს, რომ მერიის თანამშრომლები სწორედ ამ ძაღლების მოკვლით იმუქრებიან. „იმის ნაცვლად, რომ უსახლკაროდ დარჩენილ დაზარალებულებს დაეხმარონ და სასიკვდილო ზონიდან გაიყვანონ, ამ საცოდავ ძაღლებს დახოცვით ემუქრებიან. მივმართავ დედაქალაქის მერ დავით ნარმანიას: ხელები შორს უდანაშაულო ძაღლებისაგან!“ — განაცხადა მან.