თბილისი, 23 მარტი — Sputnik. აჭარის ტურისტული პოტენციალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე"Katowice International Fair — GLOB 2016" იყო წარდგენილი, იუწყებიან აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტში. აჭარის სტენდზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ტურისტულ პოტენციალს გასცნობოდნენ და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ბათუმისა და მთლიანად რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ. აჭარის რეგიონი საერთაშორისო გამოფენებში მეოთხე წელია მონაწილეობს.
„პოლონეთი აჭარის რეგიონისათვის ერთ-ერთი პირველი და მსხვილი ტურისტული ბაზარია ევროპაში, საიდანაც ტურისტული ნაკადი აჭარაში ყოველწლიურად იზრდება. 2013 წლიდან დღემდე რეგიონს 40 000-მდე პოლონელი ტურისტი სტუმრობდა. გასულ წელს რეგიონში პოლონელი ტურისტების 2,8% ზრდა დაფიქსირდა, რაც 13 979 ტურისტს გულისხმობს“,-იუწყებიან დეპარტამენტში.
მიმდინარე წელს, პოლონეთში აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე ორ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და ნოემბერში გეგმავს ვარშავის საერთაშორისო გამოფენაზეც წარდგეს,-“ განაცხადეს რეგიონალურ ტურისტულ უწყებაში.