თბილისი, 23 მარტი — Sputnik. აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში საბავშვო ბაღების 25 დირექტორი გაათავისუფლეს. ნათქვამია თბილისის მერიის შეტყობინებაში.
„გამოვლენილ დარღვევებს შორისაა ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, საკვები პროდუქტისთვის მოთხოვნილი თანხების სააგენტოსთან შეუთანხმებლად სამეურნეო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყენება და სხვა დარღვევები. სააგენტოს წესდების თანახმად კი, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი“, — ნათქვამია მერიის ცნობაში.
აუდიტის სამსახურმა თბილისის საბავშვო ბაღებში შემოწმება 2015 წლის 1 იანვრიდან დეკემბრამდე ჩაატარა. სულ თბილისში 161 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.