თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს გმობს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
სამშაბათს ბელგიის დედაქალაქში ტერაქტების სერია მოხდა. ორი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში მოხდა, კიდევ ორი — მეტროს სადგურებში „მალბეკსა“ და „შუმანში“. ბოლო მონაცემებით, ტრაგედიას დაახლოებით 30 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაიჭრა.
„საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, — აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ბელგიელ ხალხსა და ხელისუფლებას, ნათქვამია განცხადებაში.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებების სერიის შემდეგ, რომელსაც ტერაქტების კვალიფიკაცია მიენიჭა, ბელგიის ხელისუფლების განკარგულების თანახმად ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური, მეოთხე დონე დადგინდა. ბრიუსელში დაკეტილია მეტროს ყველა სადგური, შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, იკეტება სკოლები და სხვა საბავშვო დაწესებულებები, გამოცხადდა საზღვრების დაკეტვის შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია სამხრეთი ვაგზლიდან ადამიანების ევაკუაციის შესახებ, სადაც მატარებლები პარიზიდან შემოდიან.