თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება, სადაც დღეს შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს პრინცთან, მის სამეფო უდიდებულესობა ალ-ვალიდ ბინ თალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდთან, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
ალ-ვალიდ ბინ თალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა საქართველოში სტუმრობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ჩვენ ქვეყანასთან კარგი მოგონებები აკავშირებს.
საუდის არაბეთის სამეფოს პრინცის განცხადებით, საქართველოში იზრდება მისი ქვეყნიდან ჩასული ტურისტების რაოდენობა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საქართველო კარგად გაიცნონ საუდის არაბეთში მოღვაწე ბიზნესმენებმა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ალ-ვალიდ ბინ თალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდს გულთბილი მიღებისა და საქართველოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. დავით უსუფაშვილმა მასპინძელს საქართველოს სავაჭრო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მისი განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ქვეყანას ვაჭრობის უკეთეს შესაძლებლობებს შეუქმნის და ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საუდის არაბეთის სამეფოს პრინცის განცხადებით, ის საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერია.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
დავით უსუფაშვილთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თავისი სტრატეგიული მიმართულებით და ჩვენ ამით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს სტრატეგიული ვექტორები მიემართება არა მხოლოდ დასავლეთისკენ, არამედ აღმოსავლეთისკენ, სადაც საუდის არაბეთს, მთლიანად ამ რეგიონს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“ — განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
მან აღნიშნა, რომ ქართული დელეგაციის ერ-რიადში ჩასვლამ ადგილობრივ პოლიტიკოსებში და ანალიტიკოსებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. დღეს შეხვედრა გაიმართა პრინც ვალიდთან, ისაა სამეფო ოჯახის წევრი, ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც რამდენჯერმე იყო საქართველოში. მას აქვს სურვილი, გააგრძელოს ინვესტიციების პოლიტიკა, მოსინჯოს ნიადაგი საქართველოში ამ მხრივ და საუბარი, რომელიც შედგა დავით უსუფაშვილსა და პრინც ვალიდს შორის ამ თემებს ეხებოდა. განიხილეს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველოს პერსპექტივა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. საუბარი შეეხო, რა მიმართულებით შეიძლება ითანამშრომლონ საუდის არაბეთის სამეფომ და საქართველომ.