თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბრიუსელის შემდეგ ტერაქტების საფრთხის წინაშე შესაძლოა დასავლეთ ევროპის ქვეყნების სხვა დედაქალაქებიც აღმოჩნდეს, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ ხელმძღვანელს ბესიკ ალადაშვილს.
„ბრიუსელში მომხდარი ტერაქტები — ეს არის საერთაშორისო ტერორიზმი მისი ჯერ კიდევ არასრული გამოვლინებით, რადგან ამ ბოლო წლებში ტერორისტების ხელთ არსებული რესურსები უფრო გაძლიერდა, მრავალფეროვანი გახდა და დღეს მსოფლიო რეალური საფრთხის წინაშეა. შესაძლოა ტერაქტები განხორციელდეს, მაგალითად, დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში ან თუნდაც აშშ-ში“, — აღნიშნა ბესიკ ალადაშვილმა.
ექსპერტის აზრით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერია რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ამას ხელი ასევე შეუწყო ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების ტალღამაც, რადგან რთულია ყველას შემოწმება და იმის დადგენა, ვინ წესიერი და კანონმორჩილი მოქალაქეა და ვინ — შაჰიდისქამრიანი.
„ბევრი პრობლემისა და ფაქტორის თანხვედრის შედეგად საერთაშორისო ტერორიზმი დღეს რეალურად კონტროლს მიღმაა. ის, რაც ბრიუსელში მოხდა, მაინც ძირითადად გადადის რელიგიურ ტერორიზმში და აქ უკვე მარტო ბელგიის სპეცსამსახურებზე არ არის საქმე, ეს უკვე მსოფლიო პრობლემაა“, — აღნიშნა ალადაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების ანალიზი ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სპეცსამსახურებმაც უნდა მოახდინონ. „როდესაც მექანიზმი დაძრულია, მას რეალურად ვერაფერი შეაჩერებს. ამიტომ სპეცსამსახურების საქმიანობა ტერაქტების პრევენციისკენ უნდა იყოს მიმართული. ეს არის ისევ და ისევ ოპერატიულ—აგენტურული მუშაობა იმ დაჯგუფებებში, საიდანაც ეს ტერორისტები მოდიან. ეს ურთულესი საქმეა, მაგრამ სხვა გზები, მათ შორის ავიადარტყმები ნაკლებად პროდუქტიული იქნება“, — მიაჩნია ბესიკ ალადაშვილს.