თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ცხოველები, რომლებიც რიგის ზოოპარკმა წყალდიდობის შემდეგ დაზარალებულ თბილისის ზოოპარკს აჩუქა, თბილისში ჩამოიყვანეს.
რიგამ თბილისს ორი თუთიყუში — ჩაბულისი და ფილიპინი, სამი ლამა — თომასი, კარმენი და კამენი, იაკი პუპოლსი და აქლემი ვილი აჩუქა. თუთიყუშები თბილისში შაბათს თვითმფრინავით ჩამოიყვანეს, დანარჩენები კი კონტეინერებით ბორანით ჩამოვიდნენ ბათუმის პორტში კვირა საღამოს.
ცხოველთა საქართველოში ტრანსპორტირებისთვის რიგის თვითმმართველობამ 15 ათასი ევრო გამოყო.
„ჩამოვიდა თუ არა აქლემი ვილი საქართველოში, პირველი, რაც გააკეთა, ვაშლები დაახრამუნა“, — იტყობინება თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია, რომელმაც თავის Facebook-გვერდზე ცხოველის ფოტოები გამოაქვეყნა.
თბილისში ასევე ჩამოვლენ სხვადასხვა ცხოველები ანტვერპენის, ამერსფორტის, დუისბურგის, უიპსეიდის, იზმირის და სხვა ქალაქების ზოოპარკებიდან.
გძინავთ? რა დროს ძილია, ეს ხომ ვილია! რა დროს პოსტია ამ შუაღამისას? რა ვქნათ, ძალიან გვინდა ჩვენი აქლემი გაგაცნოთ საჩქაროდ წამოდგომა და ტანთ ჩაცმა არაა აუცილებელი. წამოწოლილებმაც შეიძლება უყუროთ!Rīgas Zoodārzs / Riga Zoo
Posted by თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo on 2016 წლის 20 მარტი, კვირა
2015 წლის 14 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაიტბორა თბილისის ზოოპარკი და მისი 600-მდე ბინადარისგან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები გადარჩა. თბილისის ზოოპარკისთვის დახმარების სურვილი მსოფლიოს მრავალმა ზოოპარკმა გამოთქვა.