თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ტერაქტის დროს არ დაშავებულან, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში სტამბულში საქართველოს კონსულმა ირაკლი ასაშვილმა.
აფეთქება სტამბულში სავაჭრო ცენტრის მახლობლად თბილისის დროით დაახლოებით 13:00 საათზე ისთიქლიალის ქუჩაზე მოხდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
„სტამბულის გუბერნიაში საგანგებო შტაბი გვაქვს გახსნილი. საბედნიეროდ, ინფორმაცია დაღუპული ან დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ მიგვიღია“, — განაცხადა ასაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტამბულში ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა. „ტერაქტების სერიამ, რომელიც ბოლო დროს თურქეთს თავს დაატყდა, ძალიან სახიფათო ხასიათი მიიღო. დაღუპულების ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას ვიზიარებ და ვიმედოვნებ, რომ თურქი ხალხი ძალებს იპოვის თავის თავში ამ განსაცდელის გადასატანად“, — ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა ღრმა რწმენა გამოთქვა, რომ თურქეთი დასძლევს ტერორიზმს მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად.