თბილისი, 19 მარტი — Sputnik. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა დაღუპული თვითმფრინავის მგზავრებისა და ეკიპაჟის სია გამოაქვეყნა.
სიაში 55 მგზავრია დასახელებული, რომელთა მოქალაქეობა ზუსტდება. ეკიპჟის წევრებს შორის 6 უცხოელია.
როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობა ასევე იუწყება, რომ დაღუპულებს შორის არიან რაიონის საკრებულოს დეპუტატი იგორ პაკუსი და მისი მეუღლე.
როსტოვის ოლქის საკრებულოს ხელმძღვანელმა ვიქტორ დერიაბკინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პაკუსი მეუღლესთან ერთად შვებულებიდან ბრუნდებოდა.
საოლქო საკრებულოს ვებ-გვერდის მონაცემებით, იგორ პაკუსი ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრი იყო, რომელიც აზოვის საარჩევნო ოლქიდან აირჩიეს. იყო ოლქის საავადმყოფოს მთავარი ექიმი და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ექიმი. ავიაკატასტროფაში მისი მეუღლეც დაიღუპა.
შაბათს, ღამით ავიაკომპანია Fly Dubai-ს ლაინერი, რომელიც დუბაიდან დონის როსტოვში მიფრინავდა, 3:40 საათზე (მოსკ.დროით) დონის როსტოვის აეროპორტში დაშვებისას ასაფრენი ზოლის გვერდით ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 61 ადამიანი იმყოფებოდა — 55 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის 4 ბავშვი. ყველანი დაიღუპნენ.