თბილისი, 18 მარტი — Sputnik. თბილისის ზოოპარკი, რომელიც შარშან ზაფხულში მომხდარი წყალდიდობის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა, ევროპის ზოოპარკებისგან ცხოველთა ახალ ნაკადს მიიღებს.
2015 წლის 14 ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკმა 600 ბინადარისგან ნახევარზე მეტი დაკარგა. თბილისის ზოოპარკის დახმარების სურვილი მსოფლიოს ბევრმა ზოოპარკმა გამოთქვა.
„რიგის ზოოპარკი თბილისში 7 ცხოველს გზავნის: 2 თუთიყუში არარაუნა, 3 ალპაკა, 1 აქლემი და 1 აზავერი. თუთიყუშები 19 მარტს თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან, ჩლიქოსნების კონტეინერებით დატვირთული ბორანი ბათუმის პორტში 21 მარტს შემოვა. ცხოველების დასახვედრად ბათუმში თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლები და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი გაემგზავრებიან. ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზადაა“, — ნათქვამია თბილისის ზოოპარკის ცნობაში.
თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლები თუთიყუშების მონახულებას უკვე 19 მარტიდან, ხოლო ჩლიქოსნების ნახვას 22 მარტიდან შეძლებენ.
შემდეგ ეტაპზე თბილისის ზოოპარკი ჰამადრილებს, მაკაკებს, მანგუსტებს, კოატებს, მაჩვზღარბებს, ვალაბებს, ტაპირებსა და სხვა ცხოველებს ელოდება ანტვერპენის, ამერსფორტის, დუისბურგის, უიპსნეიდის, იზმირის, იერუსალიმისა და სხვა ზოოპარკებისგან. სრულდება პრიმატების კონცეპტუალურად ახალი ტიპის ვოლიერების მშენებლობა. თითქმის დამთავრებულია ვალაბებისა და ტაპირების ახალი ვოლიერი.