თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რიგის ეროვნულმა ზოობაღმა თბილისის ზოოპარკს, რომელიც ზაფხულში წყალდიდობის შედეგად დაზარალდა, შვიდი ცხოველი აჩუქა. შეთანხმებას საჩუქრად გადაცემის შესახებ ხუთშაბათს რიგის მერმა ნილ უშაკოვმა და ზოობაღის მმართველობის თავმჯდომარემ როლანდს გრეიზინშმა მოაწერეს ხელი, იტყობინება Sputnik ლატვია.
მსოფლიოს ბევრმა ზოოპარკმა გამოთქვა სურვილი დახმარებოდა თბილისის ზოოპარკს, მას შემდეგ რაც დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად ზოოპარკის 600 მკვიდრთაგან ნახევარზე ნაკლები გადარჩა.
საქართველოში გამოემგზავრებიან: აქლემი ვილი, სამი ლამა — თომასი, კარმენი და კამენა, შინაური იაკი პუპოსი და თუთიყუშების წყვილი — ჩაბულისი და ფილიპინა.
ნილ უშაკოვი მეუღლესთან ერთად პირადად მივიდა ცხოველებთან დასამშვიდობებლად.
„დღეს მათ მიირთვეს სტაფილო და რამდენიმე დღეში გზას გაუდგებიან. თუთიყუშები თვითმფრინავით, სხვა ცხოველები კი ავტომობილით და შემდეგ შავი ზღვით ბორანზე. ტიგაში კიდევ დარცა საკმარისი აქლემები, ლამები იაკები და თუთიყუშები“, — თქვა მერმა.
რიგის თვითმმართველობამ გამოყო 15 ათასი ევრო ცხოველების ტრანსპორტირებისათვის. თბილისის ზოოპარკში უკვე მზადაა ვოლიერი თუთიყუშებისათვის. მზადდება ტერიტორია სხვა ცხოველებისთვისაც.
თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშენიძემ განაცხადა, რომ ჩამოსული ცხოველების განთავსება უკვე არსებულ ვოლიერებშია შესაძლებელი. თუმცა ოირველ ეტაპზე, ისინი იზოლირებული იქნებიან ადგილობრივი ცხოველებისაგან და კარანტინისა და ადაპტაციის გავლის შემდეგ შეუერთდებიან თბილისის ზოოპარკის მკვიდრთ.