თბილისი, 18 მარტი — Sputnik. თბილისის მერი დავით ნარმანია გოგირდის აბანოებთან დაკავშირებულ საკითხზე მოლაპარაკებების პროცესში დედაქალაქის მერიის ჩართვას არ გამორიცხავს. გოგირდის აბანოები წყლის ტარიფის მომატების გამო დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
აბანოების მფლობელები აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ისინი კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” (GWP) წყლის მოხმარებისთვის ფიქსირებულ შეღავათიან ტარიფს უხდიდნენ. მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ კომპანიამ ახალი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით, გადასახადი თანხა ძველ ტარიფთან შედარებით 15-ჯერ მეტია.
„თუ საჭირო იქნება, რომ ქალაქის მთავრობა ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში, ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავთ. თუმცა, საკანონმდებლო ნორმებიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, ქალაქის ხელისუფლების როლი ამ თვალსაზრისით მაინც და მაინც აქტიური არ არის“, — განაცხადა ნარმანიამ.
ძველი თბილისის აბანოებთან დაკავშირებული წყლის ტარიფის თემა კერძო კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა” და აბანოების მესაკუთრეების ურთიერთობის თემაა. აქ, პირველ რიგში, შესაძლოა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ჩაერთოს, განაცხადა ნარმანიამ. ამასთან ერთად მერმა აღნიშნა, რომ აბანოების თბილისის მერიის მიერ სუბსიდირება დაუშვებელია.
„სუბსიდირება დაუშვებელია. ასეთი რამ არ ხდება… საწარმოებთან დაკავშირებით ეს არ ხდება“, — აღნიშნა მან.
გოგირდის აბანოები თბილისის უძველეს უბანში — აბანოთუბანში მდებარეობს. თითოეული აბანოს აშენების თარიღი სხვადასხვაა და დაახლოებით XVII–XIX საუკუნეებით თარიღდება.
თბილისის გოგირდის აბანოები პოპულარულია არა მხოლოდ ტურისტებს შორის, ადგილობრივი მოსახლეობა ძველებურად სიამოვნებით სარგებლობს მათი მომსახურებით, რადგან გოგირდის წყალი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.