თბილისი, 18 მარტი — Sputnik. წყლის გამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgian Water and Power – GWP), მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, მზადაა, გოგირდის აბანოების მფლობელებთან მოლაპარაკებები დაიწყოს და მათთან გადახდის გრაფიკი შეათანხმოს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
ლეგენდარული გოგირდის აბანოები დახურვის საფრთხის წინაშეა. ამის მიზეზი წყლის გაძვირებული ტარიფია.
აბანოების მფლობელები აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ისინი კომპანია GWP-ს წყლის მოხმარებისთვის ფიქსირებულ შეღავათიან ტარიფს უხდიდნენ. მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ კომპანიამ ახალი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით, გადასახადი თანხა ძველ ტარიფთან შედარებით 15-ჯერ მეტია.
„ტარიფი, რომლის გათვალისწინებითაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გოგირდის აბანოებს გადასახადს არიცხავს, არ არის განსხვავებული, არამედ არის იგივე, რაც ერიცხება დედაქალაქის მასშტაბით ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტს, მათ შორის ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვა საბიუჯეტო თუ არასაბიუჯეტო ორგანიზაციებს”, — აღნიშნულია GWP-ს განცხადებაში.
ამჟამად წყლის ტარიფი (სასმელი წყლის მიწოდება და გაშვება-გაწმენდა) სახელმწიფო დაწესებულებებისა და კომერციული სექტორისთვის 1 კუბური მეტრისთვის 4,4 ლარს შეადგენს. აქედან 1 კუბომეტრის მიწოდების საფასურია 3,6 ლარი, ხოლო გაშვება-გაწმენდის — 0,85 ლარი. მიმდინარე კურსია: 1 აშშ დოლარი — 2,32 ლარი.
აბანოების მფლობელები აცხადებენ, რომ წყლის საფასურის გადახდა არ შეუძლიათ, ამიტომ მზად არიან, ობიექტები დახურონ. ისინი მოითხოვენ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და ვალის ჩამოწერას, რომელიც 250 ათას ლარს შეადგენს.
გოგირდის აბანოები თბილისის უძველეს უბანში — აბანოთუბანში მდებარეობს. თითოეული აბანოს აშენების თარიღი სხვადასხვაა და დაახლოებით XVII–XIX საუკუნეებით თარიღდება.
თბილისის გოგირდის აბანოები პოპულარულია არა მხოლოდ ტურისტებს შორის, ადგილობრივი მოსახლეობა ძველებურად სიამოვნებით სარგებლობს მათი მომსახურებით, რადგან გოგირდის წყალი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.