ვენეციის კომისია საარჩევნო ოლქების გადანაწილებას დაეთანხმა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტები უმცირესობათა უფლებების გათვალისწინების რეკომენდაციას იძლევიან, რათა საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლისას არ შესუსტდეს მათი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ვენეციის კომისია დაეთანხმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრების თაობაზე, თუმცა გამოთქვა რამდენიმე შენიშვნა პროცედურებთან დაკავშირებით.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იცვლება 73–დან 50 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები. თბილისში 10 ოლქის ნაცვლად იქნება 18 მაჟორიტარული ოლქი, რეგიონებში კი 42 — მუნიციპალიტეტების გაერთიანებისა და გაყოფის გზით.

„ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო ოლქების ახალ გადანაწილებას ეხება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია არჩევნების თანაბარუფლებიან გარემოში ჩასატარებლად“, — ნათქვამია ვენეციის კომისიის ანგარიშში.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოს საარჩევნო სისტემას შეისწავლიან

იმავდროულად ვენეციის კომისიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კანონში ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არ არის მითითებები, თუ როგორ უნდა იყოს გადანაწილებული ოლქები საქართველოს ოთხ მრავალმანდატიან ქალაქში, ასევე იმის გამო, რომ ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ოპოზიცია არ იყო საკმარისად ჩართული.

კომისია ასვე აღნიშნავს უმცირესობათა ინტერესების გათვალისწინების მნიშვნელობას საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრების ფორმირებისას.

„უმცირესობით მჭიდროდ დასახლებული ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ეთნიკური უმცირესობების უფლებები. საზღვრები არ უნდა შეიცვალოს უმცირესობათა წარმომადგენლობის შესუსტების ან გაუქმების მიზნით“, — ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა ცვლილება, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატებისთვის ბარიერის 30%-დან 50%-მდე გაზრდას ითვალისწინებს.

ოლქების გადანაწილების თაობაზე ცვლილებები ტექნიკური ხასიათისა იყო, რაც მიზნად ისახავდა საარჩევნო კოდექსის საკონსტიტუციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ჩათვალა საარჩევნო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის მნიშვნელოვან განსხვავებას არ ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0