თბილისი, 17 მარტი — Sputnik. გაზაფხულდა, მაგრამ „გიჟ მარტს“ დაშოშმინება არ უნდა — კვირის დასაწყისიდან მთელ ქვეყანაში ღამით ყინვა, ნალექი და ძლიერი ქარია.
ღამით უმეტეს რაიონებში წვიმდა, ხოლო ზამთრის კურორტებზე — თოვდა. თოვდა არა მხოლოდ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში, ფშავსა და რაჭაში, არამედ ზღვისპირა აჭარის ხულოს რაიონის სოფლებშიც. მცირე თოვლი გორის მოსახლეობასაც „შეხვდა“.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის განმავლობაში ნალექი არ იქნება, მაგრამ ქარი და დაბალი ტემპერატურა მაინც შენარჩუნდება. ასე რომ, თბილი ტანსაცმლისა და ჩექმის შენახვა, როგორც ვარაუდობენ, თვის ბოლომდე არ მოგვიწევს.
დღეს დასავლეთში იქროლებს ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით, ხოლო აღმოსავლეთში, მათ შორის თბილისში — წამში 17-22 მეტრი. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 8 გრადუსამდე გათბება, ხოლო მაღალმთიანეთში 4 გრადუსი ყინვა იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 10 გრადუსამდე დათბება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ექვსი გრადუსი ყინვა იქნება.
თბილისში ჰაერი 8 გრადუსამდე გათბება.
ამინდი ქვეყანაში 14 მარტიდან გაუარესდა. ბარში ძლიერი ქარი და წვიმა, ხოლო მთაში თოვლი მთელი საქართველოს მასშტაბით მარტის ბოლომდე შენარჩუნდება.