თბილისი, 17 მარტი — Sputnik. „ბედნიერების რეიტინგში“, რომელიც გაერომ შეადგინა და გამოაქვეყნა, საქართველომ 157 ქვეყანას შორის 126-ე ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდა.
„ბედნიერების რეიტინგი“ აჩვენებს, რამდენად ბედნიერები არიან სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლები და ის ბედნიერების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველწლიურად 20 მარტს აღინიშნება.
რეიტინგში საქართველო სომხეთის (121), განას (124), კონგოსა (127) და სენეგალის (128) გვერდით განთავსდა. აზერბაიჯანი სიის შუაში აღმოჩნდა და 81-ე ადგილი დაიკავა, რუსეთმა — 56-ე, ხოლო თურქეთმა — 78-ე.
ყველაზე ბედნიერი ადამიანები, როგორც აღმოჩნდა, დანიაში ცხოვრობენ, მეორე ადგილზეა შვეიცარია, მესამეზე — ისლანდია, მეოთხეზე — ნორვეგია, მეხუთეზე — ფინეთი. ბედნიერთა პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ კანადა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ავსტრალია, შვედეთი.
პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან ყველაზე ბედნიერი უზბეკეთის მოსახლეობა აღმოჩნდა, რომელმაც 49-ე ადგილი დაიკავა, ყაზახეთი 54-ე ადგილზეა, მოლდოვა — 55-ზე, ბელარუსი — 61-ზე.
ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს ბენინმა (153), ავღანეთმა (154), ტოგომ (155), სირიამ (156) და ბურუნდიმ (ბოლო, 157-ე ადგილი).
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო ქვეყანაში ცხოვრების დონე, ჯანდაცვის სისტემა, სოციალური მდგომარეობა, კორუფციის დონე, თვითმკვლელობების რაოდენობა.
პირველი ადგილები ისეთმა ქვეყნებმა დაიკავეს, სადაც კარგი სოციალური მდგომარეობა, მაღალი შემოსავლები და განათლების ხელმისაწვდომობაა, სწორედ ეს ძირითადი მიმართულებები აქცევენ ადამიანებს კმაყოფილებად და ბედნიერებად.