სექსოლოგი ზურაბ მარშანია: საქართველოში არასაკმარისი სექსია

© Pixabay / 818376შეყვარებული წყვილი
შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძიმე სექსუალური დისფუნქციები ხშირ შემთხვევაში ამ სფეროს შესახებ არასაკმარისი ინფორმაციითა და გაუნათლებლობითაა გამოწვეული, რაც გულ–სისხლძარღვთა სისტემასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც კი ახდენს გავლენას.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოში სექსის თემა ჯერ კიდევ ტაბუირებულია, ადამიანებს რცხვენიათ ამ თემაზე საუბარი. უფრო მეტიც, სექსუალური ხასიათის პრობლემების მქონეთა უმეტეს ნაწილს უჭირს უხერხულობის გადალახვა და სპეციალისტთან კონსულტაციაზე მისვლა, უთხრა Sputnik–ს სექსოლოგმა ზურაბ მარშანიამ.

სექსოლოგია, როგორც მეცნიერება, საქართველოში დისკრედიტირებულია. მარშანიას თქმით, ამის მიზეზი საზოგადოების მხრიდან ამ საკითხისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.

„ჩვენ, სპეციალისტები განვიცდით ამას. აბა, რა უნდა მოვუხერხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულების, ამგვარი იდეოლოგიის გამო სქესობრივი დარღვევებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებისთვის არიან განწირული?!“ — კითხულობს მარშანია.

შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო
ქართველი პოლიტიკოსები სექსზე დასმულმა შეკითხვამ დააბნია

მისი თქმით, პრობლემები დაბალი სექსუალური განათლების გამო და კიდევ იმის გამო იჩენს თავს, რომ ჩვენში სექსოლოგებს იშვიათად მიმართავენ.

„პირველი, რაც ჩემ კაბინეტში მოხვედრილი პაციენტებისგან მესმის, როგორც ქალებისგან, ისე მამაკაცებისგან, ეს არის: ძალიან მრცხვენია, რომ აქ მოსვლამ მომიწია, არც კი ვიცი, როგორ გიამბოთ ჩემ პრობლემაზეო. ექიმთან მოდიან და დაავადებაზე საუბარი ერიდებათ. ეს საშინელებაა“, — აღნიშნავს სექსოლოგი.

მძიმე სექსუალური დისფუნქციები ხშირ შემთხვევაში ამ სფეროს შესახებ არასაკმარისი ინფორმაციითა და გაუნათლებლობითაა გამოწვეული, რაც ადამიანის ზოგად მდგომარეობაზე, გულ–სისხლძარღვთა სისტემასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც კი ახდენს გავლენას.

„სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება, თუ ადამიანს ჰარმონიული სექსუალური ცხოვრება არ აქვს. ხანგრძლივობასთან ერთად ხარისხსაც აქვს მნიშვნელობა. სექსუალური დარღვევების მქონე ადამიანს ცხოვრების ძალიან დაბალი დონე აქვს. ის კი არ ცხოვრობს, არამედ იტანჯება“, — ხაზს უსვამს ექიმი.

სექსოლოგი აღნიშნულ საკითხს ეროვნული მასშტაბის უბედურებად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ამით ქვეყნის მთავრობა უნდა დაინტერესდეს. კერძოდ, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, როგორ ამაღლდეს ამ მხრივ საზოგადოების შეგნება, მათ შორის, ახალგაზრდობისაც. აუცილებელია, რომ სტუდენტებს სექსოლოგია შევასწავლოთ. 16 წლიდან ეს სავსებით დასაშვებია, დარწმუნებულია მარშანია.

რაც შეეხება ქორწინებამდე სექსს, რაც კონსერვატორულ საქართველოში კვლავაც საკამათო საკითხად რჩება, სპეციალისტის თქმით, ამ კუთხით თბილისელი ახალგაზრდები ბევრად უფრო გახსნილები არიან, ვიდრე რეგიონებში მცხოვრებნი.

„ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, რა ცხოვრებით იცხოვროს — უფრო კონსერვატული თუ თავისუფალი. თუმცა პრობლემა ამაში კი არაა, არამედ სექსუალური განათლების დონეში, რაც ძალიან მწვავედ დგას საქართველოში. ახალგაზრდებს შესაძლოა ქორწინებამდე სექსი კი აქვთ, მაგრამ არ აქვთ სექსუალური განათლება“, — ამბობს სექსოლოგი და დასძენს, რომ სექსში მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა.

„სექსში ჰარმონიულობა არ არის დამოკიდებული სიხშირეზე. მთავარი ხარისხია. დაე, კვირაში ერთხელ იყოს, კი ბატონო, ეს ნორმაა, მაგრამ იყოს ჰარმონიული და ორივე პარტნიორი კმაყოფილი დარჩეს“, — ასკვნის ზურაბ მარშანია.

სექსოლოგმა მსოფლიო სტატისტიკაც გაგვაცნო, რომლის თანახმადაც, ქალთა შორის სექსუალური დისფუნქცია უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებს შორის — ქალების 60% და მამაკაცების 40%. საქართველოში კი პირიქით, სექსუალური პრობლემები მამაკაცების 80%-ს და ქალების 20%-ს აღენიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0