თბილისი, 17 მარტი — Sputnik. კომპანია „მეტროს“ ავტობუსმა ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი ადგილობრივი მძღოლების ხმაურიანი პროტესტის ფონზე შეასრულა. ზუგდიდელმა მძღოლებმა "მეტრო პლუსის" ავტობუსისთვის რეისის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს, რის გამოც ადგილზე პოლიციამ აქციის მონაწილე რამდენიმე მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავა.
მანამდე ზუგდიდის მიკროავტობუსების მძღოლებმა ჯერ კიდევ იანვრის თვეში კომპანია“მეტროს“ წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს თურქული სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ სარჩელითაც მიმართეს.
„ადგილობრივ მძღოლებს აქვთ უფლება გამოხატონ პროტესტი და საკუთარი პოზიცია, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება განვახორციელოთ ის დაანონსებული სერვისი, რომელსაც მოსახლეობას ვთავაზობდით. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, „მეტრო პლუსის“ ავტობუსი დღეს შეასრულებს დაანონსებულ რეისს თბილისის მიმართულებით“, — განაცხადა კომპანია „მეტროს“ დირექტორმა დავით დიდიშვილმა.
მისი თქმით, დღეს კიდევ ორი რეისი შესრულდება, ხოლო 18 მარტიდან კომპანია სრული დატვირთვით იმუშავებს.
დღესვე ზუგდიდში იმყოფებოდა „მეტრო პლუსის" დამფუძნებელი, ფოთის მერის ძმა ვახტანგ კაკულია, რომელიც ზუგდიდში მძღოლების აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისი კანონიერი ბიზნესია და შესაბამის დოკუმენტაციასაც ფლობს.
"რა შუაშია ჩემი ძმა?! მე ვარ თავისუფალი მოქალაქე და მაქვს ჩემი ბიზნესი. ვარ ამ კომპანიის დამფუძნებელი და კიდევ უმსხვილეს კომპანიას წარმოვადგენ სამეგრელოში. ჩემი საქმიანობა არის კანონიერი და ნებისმიერ დაინტერეებულ ადამიანს შემიძლია შესაბამისი დოკუმენტები წარვუდგინო", — განაცხადა ვახტანგ კაკულიამ.
როგორც მანამდე ზუგდიდის მიკროავტობუსის მძღოლები აცხადებდნენ, იმ შემთხვევაში, თუ ზუგდიდში თურქული კომპანია დაიწყებს საქმიანობას, ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.
სოფო კაკაჩია