თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ, ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა — ოთხშაბათს სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, იუწყებიან ქვეყნის ეროვნულ ბანკში.
საქართველოს პარლამენტმა 2 მარტს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის სავალუტო ფონდის ყოფილი უფროსი, ეკონომისტი კობა გვენეტაძე დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოსტზე.
მოცემული პროცედურა მას მერე გახდა საჭირო, რაც გიორგი ქადაგიძეს, რომელიც 2009 წლიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, 25 თებერვალს საბჭოს წევრის უფლებამოსილება ამოეწურა. ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის კობა გვენეტაძის სახით, საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობასა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა.
ქართულ კანონმდებლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის საკითხი საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონით რეგულირდება. კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი საბჭოს წარდგინებით ნიშნავს, რომელმაც შვიდი წევრიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს.
ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არჩეული ხუთი ადამიანი და ახლანდელი ხელისუფლების დროს არჩეული ორი ადამიანი შედის. ეროვნული ბანკის მეთაურის პოსტზე კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო ხმათა უმრავლესობით იღებს. საბჭოს სხდომა შემდგარად ითვლება, თუ მასში მონაწილეობას საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი იღებს.