თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 0,8% იქნება.
ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 16 დეკემბერს 50 საბაზისო პუნქტით 8%-მდე გაზარდა.
"მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მაკროეკონომიკურ პროგნოზებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე“, — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
პროგნოზის თანახმად, ინფლაცია 5 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს 2016 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს.
2015 წლის განმავლობაში ინფლაციის ზრდა გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირებითა და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდამ გამოიწვია.
„მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე“- აცხადებს ეროვნული ბანკი.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.