თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თბილისში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაჭრეს, იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. სპორტკომპლექს შატილში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტი გურჯაანის ალაზნისა და თბილისის მარკ სტარის მატჩის დროს მოხდა. მატჩის მიმდინარეობისას იგებდა გურჯაანის გუნდი, ამ დროს საფეხბურთო მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ, რასაც მატჩის ჩაშლა მოჰყვა. მოგვიანებით, კი დაპირისპირება საფეხბურთო სტადიონის გარეთ გაგრძელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ე.წ. "სპიცით" არიან დაჭრილები.
ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე მხარეები პოლიციის შენობაში ჰყავთ გადაყვანილი, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.