თბილისი, 16 მარტი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმი „კავკასიური ტრიო“ რუსული კინოპრემიისთვის „ნიკა“ იბრძოლებს. ფილმი კინორეჟისორ ფუად იბრაგიმბეკოვთან ერთად (თეიმურაზ ბუტიკაშბვილის მონაწილეობით) 2015 წელსაა გადაღებული. ამის შესახებ პრემიის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
კინოსურათი საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის ერთობლივი ნაწარმოებია და „დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების საუკეთესო ფილმის“ წოდებისთვის იბრძოლებს.
სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცს ორი მამა აღმოაჩნდება — ერთი მშობელი და მეორე — მამინაცვალი. თითქოს არაფერი, მაგრამ მშობელი მამა სომეხია, ხოლო მამინაცვალი — აზერბაიჯანელი. მათი ქვეყნები კი, როგორც ცნობილია, ერთმანეთს მტრობენ. ამ ტრაგედიით სავსე ისტორიაში მამაკაცებს ადამიანური ღირსების შენარჩუნება და მაღალი ფასის გადახდა უწევთ.
სამი ძველი და ერთგული მეგობრის — სომეხის, აზერბაიჯანელისა და ქართველის როლებს ასრულებენ იური სტოიანოვიუ, გოგოა პიპინაშვილი და ბაადურ წულაძე. ოპერატორია გორკა გომეზ ანდრე (ესპანეთი).
ფილმის „კავკასიური ტრიო“ კონკურენტები არიან ფილმები ესტონეთიდან, ყირგიზეთიდან, უკრაინიდან და ლიტვიდან.
მთავარი ნომინაციის „საუკეთესო მხატვრული ფილმი“ შორტ-ლისტში შესულია ალექსანდრე მინდაძის, სერგეი მოკრიცკის, დმიტრი მესხიევის, ვასილი სიგარევის, სტანისლავ გოვორუხინისა და ანა მელიქიანის ფილმები.
მსახიობი ალისა ფრეინდლიხი კინოპრემია „ნიკას“ ელდარ რიაზანოვის სახელობის ნომინაციაში „პატივისა და ღირსებისთვის“ მიიღებს. ეს პრიზი წელს პირველად გაიცემა.
„ნიკას“ დაჯილდოების ცერემონია 1 აპრილს ფოლკლორის თეატრში „რუსკაია პესნია“ გაიმართება.
პრემია „ნიკა“ 1987 წელს სსრკ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის სამდივნომ დააწესა. მისი დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი იული გუსმანია. პრემიის პრეზიდენტები სხვადასხვა დროს იყვნენ ვიქტორ მერეჟკო, ელდარ რიაზანოვი, ალექსეი ბატალოვი. 2013 წელს პრეზიდენტის პოსტი ანდრეი კონჩალოვსკიმ დაიკავა.