თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობების ხარჯზე, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადების კომენტარისას.
ქართველ დიპლომატთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის წინ პრაღაში კარასინმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ერთ-ერთი არსებითი პრობლემა ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ საერთაშორისო არენაზე „პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის აშკარა ზრდაა“.
„საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას რუსმა პოლიტიკოსებმა საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ურთიერთობების სრული ნორმალიზება”, — განაცხადა კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს გაწყვიტა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ.