თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის ჯერ უცნობია, კონკრეტულად რომელ ქვეყანაში აიტვირთა სოციალურ ქსელებში სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრები, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ, განუცხადა ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
Youtube-ზე 11 და 14 მარტს გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. პირველ ჩანაწერში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, დასახელებული იყო ვიდეოზე აღბეჭდილი პოლიტიკოსი, თუმცა ორშაბათს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა აღარ მიუთითა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დაფარა. ის ასევე დაიმუქრა, რომ მალე გამოაქვეყნებს ვიდეოს სხვა ქართველი მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით.
„ეს ყველაფერი Facebook-სა და Google-ში აიტვირთა. შესაბამისად, ეს სერვერები, სადაც ინფორმაცია ინახება, საზღვარგარეთ არის განლაგებული. ჩვენ უკვე მათგან მივიღებთ ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის IP-მისამართიდან მოხდა ამ ინფორმაციის ატვირთვა სერვერებზე“, — განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების სქემის გახსნის შესახებ განცხადება გაავრცელა. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ხუთი ადამიანის მიმართ. საუბარია გასული წლის დეკემბრის მოვლენებზე, როდესაც მოქალაქე გელა ღურწკაიამ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელების მიზნით გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორს ელისო კილაძეს მესამე პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები აჩვენა.
სამივე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლით – „პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა“.