თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ამბიციური რეფორმების პროგრამა ხორციელდება როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით. რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ შედეგების მიღწევას. ჩვენ განვაგრძობთ წარმატებულ თანამშრომლობას ბევრ სფეროში. ეს არის ნამდვილი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება“ — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია, მაგრამ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კვლავ იმუშავებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები მმართველობის ყველა დონეზე არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც დღეს არის.
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კვლავ შეასრულებს რეგიონული ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული პროგრესისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საყრდენის როლს როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს მიღმა“, — აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.