თბილისი, 15 მარტი — Sputnik. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 15 მარტს საქართველო-ყირგიზეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის I სხდომა გაიმართა, რომლის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრი არზიბეკ კოჟოშევი, იტყობინება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
კომისიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა, ინვესტიციები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, კავშირგაბმულობა, გარემოს დაცვა, რეგიონალური განვითარება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა.
კომისიის სხდომის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ამანგელდი დავლეტალიევმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც მიზნად ისახავს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები, თავიანთი კომპეტენციის და შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, განავითარებენ თანამშრომლობას ბიზნეს კომპანიებს შორის ყოველმხრივი ეკონომიკური კავშირების დამყარების მიზნით, გაცვლიან ინფორმაციას მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ და ორგანიზებას გაუკეთებენ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს ორი ქვეყნის საექსპორტო და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით.