თბილისი, 14 მარტი — Sputnik. უახლოესი ორი დღის განმავლობაში თბილისში საქართველო-ყირგიზეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც განხილული იქნება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საქართველო-ყირგიზეთის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა არზიბეკ კოჟოშევმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყირგიზეთი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა, რომელთანაც ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტადაა გასაღრმავებელი.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ყირგიზეთი დაინტერესებულია, გაეცნოს და გაიზიაროს ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა. მათ შორის დასახელდა თავისუფალი ინდუსტრიული და თავისუფალი ტურისტული ზონები, საბაჟო რეფორმა, მეწარმოების ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამები და სხვ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წელს 8,4 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის ექსპორტმა 6,7 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტმა 1,72 მილიონი დოლარი.