Sputnik–ის სპორტული მიმომხილველი ნოდარ მაისურაძე საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XX ტურის ყველაზე საინტერესო მატჩების შესახებ მოგითხრობთ.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. გასულ უქმეებზე ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის XX ტურის მატჩები ჩატარდა, ეს კი ნიშნავს, რომ დისტანციის 2/3 უკვე უკანაა მოტოვებული. გუნდებს კიდევ 10-10 მატჩი აქვთ ჩასატარებელი, მაგრამ დარჩენილ დროში დღის წესრიგში მხოლოდ ორი საკითხი დგას: ვინ დაიკავებს ადგილს ევროთასების გათამაშებაში და ვინ დატოვებს უმაღლეს ლიგას?
„დინამო“ უკვე 14 ქულით დაწინაურდა
კიდევ ერთხელ საუბარი იმაზე, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონი უკვე განისაზღვრა, ზედმეტია. თბილისის „დინამო“ ბევრად უსწრებს თავის კონკურენტებს. ინტრიგა მხოლოდ იმაშია, პირველობის დასრულებამდე რამდენ ტურში გააფორმებს დედაქალაქის კლუბი გამარჯვებას და რამდენი ქულით გაუსწრებს უახლოეს კონკურენტს.
საანგარიშო ტურში იურაი იარაბეკის გუნდი „ზუგდიდელებს“ ესტუმრა, რომელთაც ქულები ძალიან ესაჭიროებათ. „გადარჩენისთვის“ ბრძოლა სახუმარო საქმე არაა.
მატჩი „აიწონა-დაიწონას“ თამაშს მოგაგონებდათ: სტუმრები დაწინაურდებოდნენ — მასპინძლები ათანაბრებდნენ ანგარიშს. და მაინც, „დინამოს“ შემტევი თამაში უფრო ეფექტური აღმოჩნდა, 70-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა კვლავ გაიყვანა თბილისური კლუბი წინ და „ზუგდიდმა“ მესამედ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო. შედეგად „დინამომ“ 3:2 გაიმარჯვა და მეორე ადგილზე გასულს 14 ქულით გაუსწრო.
მოქმედი ჩემპიონის უიღბლობა
ლოგიკურად, საანგარიშო ტურის მეორე ადგილი საქართველოს მოქმედ (ჯერჯერობით) ჩემპიონს — გორის „დილას“ უნდა დარჩეს. ქულათა აქტივის შესავსებად მეტოქეც შესაბმისია — „ჩიხურა“. საჩხერის კლუბმა ქართული ფეხბურთის ელიტაში დარჩენა უკვე გაინაღდა; ევროთასამდე სამსონ ფრუიძის გუნდი, დიდი ალბათობით, ვერ „გაქაჩავს“ და რომ იტყვიან, გუნდი თავისი სიამოვნებისთვის თამაშობს.
ამ ყველაფრის ანალიზის შემდეგ მასპინძლები მეხუთე წუთზე უკვე დაწინაურდნენ. გოლი ირაკლი მოდებაძემ გააფორმა. პირველ ტაიმში „დილის“ ფეხბურთელებმა კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ბურთის კარში გატანა ვეღარ შეძლეს.
შენ თუ არ გაიტან გოლს, დიდი ალბათობით, შენს კარში გაიტანენ. ასე მოხდა ახლაც. მიხეილ სარდალიშვილმა მასპინძლები გაანაწყენა — შესვენების წინ, ზუსტად 45-ე წუთზე ბურთი მეტოქის კარში შეაგდო.
მეორე ნახევარში უჩა სოსიაშვილის გუნდი შეხვედრის მოგებას ყველანაირად ეცადა, მაგრამ ტაბლოზე ციფრები — 1:1 აღარ შეცვლილა. ფრე ანგარიში კი ყველაზე მეტად „სამტრედიას“ აწყობდა.
„სამტრედია“ უკვე მეორე ადგილზეა
ზამთრის შესვენება „სამტრედიას“ აშკარად მოუხდა. ბოლო ხუთ მატჩში გიორგი ცეცაძის გუნდმა ოთხჯერ მოიგო და ერთხელ ფრე ანგარიშით დაამთავრა მატჩი. განსაკუთრებით აღსანიშნავია გასული ტურის მატჩი, რომელშიც „სამტრედიამ“ „საბურთალო“ ანგარიშით 8:2 დაამარცხა.
გამონაკლისი არც საანგარიშო ტურის შეხვედრა გამხდარა, „სამტრედიამ“ გასვლით თამაშში „მერანს“ 3:2 სძლია. ყველა გოლი 15 წუთში — 76-ედან 90-ე წუთის ჩათვლით პერიოდში გავიდა. დუბლით თავი ირაკლი სიხარულიძემ იჩინა. თანაც გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გავიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სამტრედიის“ გამარჯვება ამ ტურის გასვლით თამაშებში მოპოვებული ერთადერთი გამარჯვებაა.
ამ წარმატების წყალობით სამტრედიელთა კლუბმა 41 ქულა მოაგროვა და „დილას“ გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით სწორედ „სამტრედია“ განთავსდა სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე.
„ცხინვალი“ ფრე ანგარიშით აღარ ამთავრებს, მაგრამ… აგებს
ზამთარში სატრანსფერო ფანჯრის დროს „ცხინვალმა“ თავისი საუკეთესო თავდამსხმელი (ნიკა კაჭარავა „როსტოვში“ გადავიდა) დაკარგა და მომენტების რეალიზების პრობლემას წააწყდა. ზედიზედ ოთხი, არაფრით გამორჩეული ფრე და ახლა უკვე — წაგება.
დამარცხება, და თან ყველაზე შეუფერებელ დროს, როდესაც ბრძოლა ევროთასისთვის უკიდურესად გამწვავდა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „ცხინვალმა“ სატურნირო ცხრილში თავის მეზობელ ბათუმის „დინამოსთან“ წააგო.
მასპინძლებმა მთელი მატჩი დამაჯერებლად წარმართეს და ნიკოლა კომაზეცის ზუსტი დარტყმის შემდეგ 31-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს. მეორე ტაიმის შუა წუთებზე „ცხინვალის“ ყველა უსიამოვნებას მინდვრიდან გიგა ბეჭვაიას გაძევებაც დაერთო. ბათუმელებს დიდად აღარ გასჭირვებიათ მატჩის გამარჯვებით დასრულება, 83-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, რომლის ავტორიც გიორგი გაბელავა იყო.
მოპოვებულმა სამმა ქულამ ბათუმელებს „ცხინვალთან“ გათანაბრება და გატანილი და გაშვებული ბურთების რაოდენობით გასწრების საშუალებაც მისცა. ახლა შოთა ჭეიშვილის გუნდს უეფას ევროპის ლიგისგან სულ ხუთი ქულა აშორებს.
გასულ ტურს ბომბარდირთა რბოლაში ძალთა განლაგებაში ცვლილებები არ გამოუწვევია. თბილისის „დინამოელ“ გიორგი ქვილითაიას კვლავ 16 ქულა აქვს, ხოლო ოთარ მარცვალაძეს — 13.
XX ტურის მატჩების შედეგები:
„ლოკომოტივი“ – „სიონი“ – 0:0
„დილა“ – „ჩიხურა“ – 1:1
„ზუგდიდი“ – „დინამო“ თბილისი — 2:3
„დინამო“ ბათუმი – „ცხინვალი“ – 2:0
„კოლხეთი“ – „ტორპედო“ – 2:0
„მერანი“ – „სამტრედია“ – 2:3
„საბურთალო“ – „გურია“ – 4:2
„საპოვნელა“ – „შუქურა“ – 2:0