თბილისი, 14 მარტი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ ანკარაში ტერაქტის მომწყობი თვითმკვლელი ტერორისტი ქალის ოჯახის წევრები დააკავა, იუწყება სააგენტო РИА Новости ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.
მანამდე თურქეთის ხელისუფლებამ დაღუპული ტერორისტის იდენტიფიცირება მოახდინა და დაადგინა, რომ იგი თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრი იყო.
თურქული მასმედიის ინფორმაციით, სავარაუდო ტერორისტის სახელია სეჰერ ჩაღლა დემირი და მისი პიროვნების იდენტიფიცირება თითების ანაბეჭდებით მოხდა. მანამდე იგი პოლიციის თვალთახედვის არეში მოხვდა ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრობისა და ტერორიზმის პროპაგანდის გამო. იგი გაასამართლეს კიდეც, თუმცა სასამართლომ განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო.
ანკარის ცენტრში, თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ ოფისთან დანაღმული ავტომანქანა გუშინ, საღამოს ავტობუსის გაჩერებაზე იმ დროს აფეთქდა, როცა იქ ხალხმრავლობა იყო. დაიღუპა 37 ადამიანი, 125 დაიჭრა, მათგან 19 მძიმე მდგომარეობაშია.