საქართველო გმობს ანკარაში მომხდარ ტერაქტს

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტი დაგმეს და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს.

ანკარის ცენტრში, თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ ოფისთან დანაღმული ავტომანქანა გუშინ, საღამოს ავტობუსის გაჩერებაზე იმ დროს აფეთქდა, როცა იქ ხალხმრავლობა იყო. დაიღუპა 34 ადამიანი, 125 დაიჭრა, მათგან 19 მძიმე მდგომარეობაშია.

ტაიპ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი: ტერაქტმა გააძლიერა თურქეთის გადაწყვეტილება, ებრძოლოს ტერორიზმს

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას. მინდა იცოდეთ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა“, — აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო შოკირებულია.

„საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, გვერდში უდგას და თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ თურქ ხალხს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრების მწუხარებას“, — ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის განცხადებაში.

თავისი პოზიცია გამოხატა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც ამ ტერაქტს ძალადობის ბარბაროსული გამოვლინება უწოდა.

ანკარაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი ამოქმედდა. აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: +90 53 36 90 30 40.

ყველა ახალი ამბავი
0