თბილისი, 13 მარტი — Sputnik. აშშ-ის სამზედრო-საზღვაო ძალების 100 ათასზე მეტი ტონა წყალწყვის ავიამზიდი John C. Stennis, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მიზნით, სამხრეთ კორეის პორტ პუსანში შევიდა. ამ წვრთნებს საინფორმაციო საშუალებებმა უკვე უწოდეს უპრეცედენტო.
ხომალდის საგემბანო ავიაციის შემადგენლობაში ტექნიკის 80 ერთეულია, მათ შორის გამანადგურებელ-ბომბდამშენები F/A-18 Hornet, გემბანის თვითმფრინავები EA-6 Prowler და E-2 Hawkeye, იუწყება Sputnik-ი.
წვრთნებში, რომელიც ყველაზე დიდია 2010 წლიდან მოყოლებული, მონაწილეობას მიიღებენ ასევე დიდი ნავსაწინააღმდეგო გემები Stockdale, Chung-Hoon და William P. Lawrence, ასევე კრეისერი Mobile Bay.
საშტაბო წვრთნები Key Resolve ერთ კვირას გაგრძელდება, ხოლო საველე მანევრები Foal Eagle — აპრილის ბოლომდე. წვრთნებში მონაწილეობს 300 ათასი სამხედრო მოსამსახურე სამხრეთ კორეიდან და 17 ათასი — აშშ-იდან.
ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები, თავის მხრივ, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით პრევენციული დარტყმის განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაში არიან მოყვანილი.
ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე ჩრდილოეთ კორეის მიერ 6 იანვარს მეოთხე ბირთვული გამოცდისა და 7 თებერვალს რაკეტა-მატარებლით ხელოვნური თანამგზავრის გაშვების შემდეგ გამწვავდა, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს ბირთვული დარტყმის მისაყენებლად 12 ათას კმ მანძილზე. გაეროს უშიშროების საბჭომ ამის საპასუხოდ მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რაც ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკურ იზოლაციას კიდევ უფრო აძლიერებს.