თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, იუწყება ტურნირის ოფიციალური გვერდი.
ფინალურ ორთაბრძოლაში პეტრიაშვილმა პოლონელ რობერტ ბარანს არანარი შანსი არ დაუტოვა და დაამარცხა ანგარიშით 11:0.
ყველაზე რთული ქართველი სპორტსმენისთვის თურქ ტაქ აქგიულთან შეხვედრა გამოდგა, რომელსაც 2012 წლიდან ევროპის ჩემპიონატებზე არც ერთი წაგება არ ჰქონია და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.
No.2 Geno PETRIASHVILI (GEO) upsets two-time defending world c…Petriashvili Stuns World Champ AkgulSTORY: http://uww.io/GRfIO
Posted by United World Wrestling on 2016 წლის 11 მარტი, პარასკევი
შეხვედრა ფრედ 8:8 დასრულდა, თუმცა დამატებით დროში გამარჯვება არბიტრებმა ქართველ ათლეტს მიანიჭეს.
პეტრიაშვილისთვის ეს კონტინენტის პირველობაზე მოპოვებული მეორე მედალია. 2013 წელს მან თბილისში გამართულ ჩემპიონატზე 120 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა.
ტურნირზე კიდევ ერთი ოქრო დავით ტლაშაძეს (70 კგ) შეეძლო მოეპოვებინა, თუმცა ფინალურ ორთაბრძოლაში მან გამარჯვება პოლონეთის ნაკრების წევრს მუჰამედმურად გაჯიევს დაუთმო.
საბოლოო ჯამში, რიგის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა. აქედან ორი ოქრო — ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ), ერთი ვერცხლი — დავით ტლაშაძემ (70 კგ) და სამი ბრინჯაო — იაკობ მაკარაშვილმა (74 კგ), დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მოიპოვეს.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართველი მოჭიდავეები მხოლოდ რუსეთის ნაკრებს ჩამორჩნენ, თუმცა მედლების საერთო რაოდენობით მამაკაცებს შორის პირველი ადგილი დაიკავეს.
შაბათს ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრებები დაიწყება.