თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიებისათვის საერთაშორისო ანტიტერორისტული ორგანიზაციებისათვის მიმართვისა და კადრების გამავრცელებლის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის ჯილდოს სახით 1 მლნ ლარის (დაახლოებით 40 ათასი აშს დოლარი) დაწესების წინადადებით გამოდის, ნათქვამია პარლამენტის სპიკერის განცხადებაში.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პარასკევს ინტერნეტის საშუალებით სექსუალური ხასიათის კადრების გავრცელების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. Youtube-ზე კადრები რამდენიმე საათის წინ იატვირთა, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს შეეხებოდა. კადრები პორტალზე სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა უკვე დაბლოკა.
„ჩვენ სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებებით და გამოძიების ტრადიციული მეთოდიკით ვერ ვუმკლავდებით ამ საშინელ პრობლემას. ამიტომ, გთავაზობთ, მიმართოთ საგანგებო ზომებს და ამგვარი შემთხვევები განიხილოთ, როგორც მთელი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული მორალური ტერორის აქტები“, — ნათქვამია განცხადებაში.
სპიკერმა მსგავსი ფაქტები წინააღმდეგ ბრძოლა ტერორისტული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას გაუთანაბრა.
„მოდით ტექნიკური დახმარებისთვის საერთაშორისო ანტიტერორისტულ ქსელებს მივმართოთ. შეუძლებელია ჩვენს შემთხვევაში საქმე გვქონდეს იმ დონის ინტერნეტ-კონსპირატორებთან, რომ აღნიშნულმა სპეციალისტებმა ვერ დაადგინონ მასალების წარმოშობის და გავრცელების ადგილი და სხვა დეტალები. დავაწესოთ მილიონი ლარი და კონსპირაციულობის დაცვის სრული გარანტია იმ პირებისთვის, ვინც გამოძიებას დამნაშავემდე მიიყვანს“, — განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი მზადაა სერიოზული წვლილი შეიტანოს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების მოძიებაში, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.