თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებში დამნაშავე პოლიტიკოსები არიან, მიაჩნია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.
ამის შესახებ განცხადება უსუფაშვილმა გააკეთა ორდღიან კონფერენციაზე „სასკოლო განათლება — საქართველოს მომავალი“. კონფერენცია საქართველოს პარლამენტში ხუთშაბათს გაიხსნა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გაგრძელდება.
„პრობლემა ჩვენში, პოლიტიკოსებშია, ანუ იმ ადამიანებში, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. და ეს პრობლემა არა მარტო განათლების, არამედ ყველა იმ სფეროშია, რომელთა რეფორმირებაც გრძელვადიანი პოლიტიკისა და ხედვის შემუშავებას მოითხოვს“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
განათლების სისტემა სახელმწიფოებრივ ზრუნვას, სახელმწიფო სტანდარტსა და სახელმწიფო სისტემის შექმნას საჭიროებს, აღნიშნა უსუფაშვილმა.
„უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ახლა უკვე დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში ჩვენ ამ საკითხში ბევრ რამეს თავი ჯერ კიდევ ვერ მოვაბით", — განაცხადა უსუფაშვილმა.