საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა Sputnik-თან საუბრისას თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა იმ სპორტსმენებისადმი, რომლებიც დოპინგს იღებენ.
„ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა დოპინგი არ მიიღონ, მაქსიმალურად ვცდილობთ ვაკონტროლოთ ისინი. „ჭუჭყიანი" სპორტსმენები უნდა უწოდო იმათ, რომლებიც ამაზე გამოიჭირეს. იმიტომ, რომ ნებისმიერი სპორტსმენი, რომელიც აკრძალულ პრეპარატს იყენებს, გამარჯვებას ფაქტიურად ტყუილით მოიპოვებს. მე კატეგორიულად არ მივესალმები ასეთ რამეს. ჩემთვის მიუღებელია ისეთი მიდგომა, თითქოსდა ერთხელ შემეშალა, მერე მეორედ შემეშალა. ასე არ შეიძლება!“ –აღნიშნა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.
ხაბელოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა კონფერენციაზე, ყველა ასამბლეაზე თომას ბახი (სოკ–ის პრეზიდენტი) დოპინგთან ბრძოლის მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
ამასთან, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტსმენებმა ყოველთვის არ იციან, როგორ აღმოჩნდა მათ სისხლში დოპინგი. მისი სიტყვებით, ეს სრულიად შემთხვევით შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს გარემოება მათ არ ამართლებს.