თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია, რომელიც ამჟამად გერმანულ „დუისბურგში“ თამაშობს, ინგლისური გუნდების თვალთახედვის არეში მოხვდა, წერს ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Reviersport.
კერძოდ, საუბარია ინგლისის პრემიერ–ლიგის კლუბზე „კრისტალ პალასსა“ და ჩემპიონშიფის (მნიშვნელობით ინგლისის მეორე ლიგა) „ქუინზ პარკ რეინჯერსზე“.
როგორც გამოცემა წერს, ბრიტანელთა წარმომადგენლები „დუისბურგსა“ და „აინტრახტს“ შორის გამართულ ბოლო მატჩს დაესწრნენ და ქართველი ნახევარმცველის თამაშს დააკვირდნენ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დამთავრდა. „დუისბურგელთაგან“ გოლი მოწინააღმდეგის კარში სწორედ ჭანტურიამ გაიტანა.
მანამდე სხვა გერმანული გამოცემა, Derwesten წერდა, რომ ზაფხულში ჭანტურია კლუბს შეიცვლიდა და ახალ სეზონს პირველ „ბუნდესლიგაში“ დაიწყებდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით ასევე დაინტერესებული არიან ისეთი კლუბები, როგორებიცაა: „კიოლნი“, „ვერდერი“ და „აუგსბურგი“.
ჭანტურიამ „დუისბურგთან“ კონტრაქტს ხელი გასული წლის შემოდგომაზე მოაწერა და იქ რუმინული „კლუჟიდან“ გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში ნახევარმცველმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.
ამჟამად „დუისბურგი“ მეორე „ბუნდესლიგის“ სატურნირო ცხრილის ბოლოშია 15 ქულით.