GNCC „მობიტელისა“ და Caucasus Online–ის შერწყმის საკითხის განხილვას განაგრძობს

© photo: Sputnik / Александр Демьянчук / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Caucasus Online-ი კომპანიის ორად გაყოფას გეგმავს: საცალო გაყიდვების მომსახურების სეგმენტს „მობიტელს“ გადასცემს, თავად კი საბითუმო ბაზრის სეგმენტში (ქსელური ინფრასტრუქტურა და მაგისტრალები) ოპერირებას გააგრძელებს.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) ხუთშაბათს შპს „მობიტელისა“ და კომპანია Caucasus Online–ის შერწყმის საკითხის განხილვას განაგრძობს, იუწყება კომისია.

GNCC–მ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელისა“ და Caucasus Online–ის ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. კომპანიები „მობიტელის“ მიერ Caucasus Online–სგან საცალო მომსახურების სეგმენტის შესყიდვაზე წინასწარ ნებართვას ითხოვენ.

კომპიუტერი - Sputnik საქართველო
GNCC „მობიტელისა“ და „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის საკითხს განიხილავს

„მობიტელმა“ 9 თებერვალს გამართულ სხდომაზე GNCC–ს ვერ წარუდგინა გარკვეული დოკუმენტაცია, რის გამოც, კომისიის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სამკვირიანი ვადა ითხოვა. მომდევნო განხილვა დღეისათვის, 10 მარტისთვის ჩაინიშნა.

მანამდე GNCC–ში განაცხადეს, რომ კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში გამოიტანდა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის რუსეთისთვის შესაძლო მიყიდვასთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

კომისიამ ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში, კომპანიების მიერ კომისიაში განაცხადის შეტანისთანავე, გამოითხოვა გარანტიები, რომ საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის ხაზი არ გაიყიდებოდა, განუცხადა ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ.

კომუნიკაციების სფეროში აქტივების გაყიდვისა თუ შერწყმისთვის კომისიამ წინასწარი ნებართვა უნდა გასცეს. GNCC–ს პოზიციის წინასწარი ცოდნა კომპანიებს იმისთვის სჭირდებათ, რომ შესაძლო შერწყმის საკითხზე  მოლაპარაკებები დაიწყონ. 
განაცხადში მითითებულია, რომ Caucasus Online-ი კომპანიის ორად გაყოფას გეგმავს: საცალო გაყიდვების მომსახურების სეგმენტს „მობიტელს“ გადასცემს, თავად კი საბითუმო ბაზრის სეგმენტში (ქსელური ინფრასტრუქტურა და მაგისტრალები) ოპერირებას განაგრძობს, განაცხადეს კომისიაში.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის ნოემბერში წინასწარი ნებართვა გასცა სატელეკომუნიკაციო კომპანია Caucasus Online-ის საოპერაციო აქტივების მობილურ ოპერატორ „მაგთიკომზე“ გაყიდვასთან დაკავშირებით. „მაგთიკომმა“ უფლება მიიღო, შეესყიდა Caucasus Online–ის ყველა ის აქტივი, რომლებსაც კომპანია მაუწყებლობის ტრანზიტისა (IPTV) და ციფრული სატელეფონო და საცალო ინტერნეტ-მომსახურებისთვის იყენებს.

Caucasus Online–ის აქტივების ყიდვას ასევე გეგმავდა კომპანია „სილქნეტიც“, თუმცა მხარეებმა აუცილებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს იმ ვადებში, რაც მათ GNCC–მ გამოუყო. შესაბამისად, კომისიამ ეს საკითხი აღარ განიხილა.

კომპანია Caucasus Online 2008 წელს შეიქმნა საქართველოს ინტერნეტ-ბაზრის მთავარი მოთამაშეების — Sanet–ის, Georgia Online–ის (ტექნოლოგია dial up), Caucasus Network–ის (dsl ტექნოლოგია) და Telenet-ის (fixed wireless ტექნოლოგია) გაერთიანების გზით.

„მობიტელი“ რუსული ჯგუფის „ვიმპელკომის“ წევრია. ის საქართველოში 2007 წელს შემოვიდა „ბილაინის“ სავაჭრო ნიშნით. GNCC–ს ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბერში „მობიტელის“ საბაზრო წილი, მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 24%-ს შეადგენდა. ახლა ქვეყანაში სულ 5 006 009 მობილური აბონენტია, აქედან 1 201 628 – „ბილაინის“ აბონენტი.

ყველა ახალი ამბავი
0