თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი მეთაური, საქართველოს მოქალაქე თარხან ბათირაშვილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც აბუ ომარ აშ-შიშანი, შესაძლოა, ლიკვიდირებულია სამხედრო სპეცოპერაციის შედეგად, აცნობა ამერიკული სამხედრო უწყების წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს–პრესს“.
მანამდე პენტაგონი ბათირაშვილის განადგურების მიზნით 4 მარტს ავიადარტყმების განხორციელების შესახებ იტყობინებოდა. პენტაგონის პრეს-მდივნის, პიტერ კუკის ინფორმაციით, ოპერაცია ჩატარდა სირიის ჰასაკის პროვინციის ქალაქ ეშ-შადადის რაიონში. ამერიკელი სამხედროები თვლიან, რომ ბათირაშვილი, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეჭირა „ისლამური სახელმწიფოს“ სტრუქტურებში, ამ ქალაქში მივლინებული იყო ბოევიკების მთელი რიგი მარცხის შემდგომ. ეშ-შადადი მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილ ქალაქებს — სირიულ ერ-რაქასა და ერაყულ მოსულს შორის.
პენტაგონი ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს ბათირაშვილის სიკვდილს და აცხადებს, რომ ოპერაციის შედეგების შეფასება ჯერ კიდევ გრძელდება.
ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობის წევრია და ამ სტრუქტურაში გარკვეული თანამდებობები, მათ შორის „სამხედრო მინისტრის“ თანამდებობა ეჭირა. მანამდე აშშ-მა 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბათირაშვილის ლიკვიდაციით დასრულდებოდა. ტერორისტის სიკვდილსა და ტყვედ ჩავარდნაზე ცნობები მასმედიამ არაართხელ გაავრცელა, თუმცა პენტაგონი ამ ინფორმაციას უარყოფდა.