თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის მიზეზი ყოფითი კონფლიქტი იყო, აცხადებს თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლევან მექვაბიშვილის ადვოკატი.
პეტრიაშვილს უცნობმა პირებმა 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ესროლეს. ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებითა და თავისა და ზურგის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაინახა, თუ როგორ სცემდა ახალგაზრდა მამაკაცი (კაპიუშონით) ვიღაცას ჯოხით, თუმცა გასროლის ხმა არ გაუგია. ორშაბათს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ექს-მინისტრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. დანაშაულის თანამონაწილის ძებნა გრძელდება.
„ეს შეიძლება, ჩვეულებრივ, ქუჩაში ორ ადამიანს შორის მოხდეს ასეთი შელაპარაკება, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ არის აქ არც პოლიტიკური, არც რაიმე სხვა მოტივი. ეს არის ჩვეულებრივ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომელიც, ალბათ, მანამდე ყოფილა, მე როგორც ვიცი. ახლოს არ იცნობდა, უბრალოდ, გარკვეულ ეტაპზე ჰქონდათ რაღაც მოკლეხნიანი შეხება. იყო პატარა უთანხმოება“, — განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა მარინა ფილაურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ექიმების განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ის ოპერაციის შემდეგ მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა, საიდანაც სამშაბათს გამოწერეს.