თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ყოფილ სახელმწიფო მინისტრზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბორჯომში ლევან მ. დააკავეს, ამის შესახებ საქართველოს შსს-ს პრესსამსახური იტყობინება.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. ლევან მ-მ, თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. თავდამსხმელები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ჩაქუჩი და ბრალდებულის ქუდი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციითვე ლევან მ-ს თანამზრახველის დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს — საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
ამ დროისათვის ალექსი პეტრიაშვილი კვლავ საავადმყოფოში იმყოფება.