თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქარხანა AG Microelectronics-ში ენერგოეფექტური (LED) ნათურების წარმოების პროცესი დაათვალიერა, ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე.
რუსთავში ელექტრონული საქონლის მწარმოებელი ქარხანა ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ერთობლივი ინვესტიციიით აშენდა. პროექტის ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საწარმოოს გაფართოებისათვის 167 ათასი აშშ დოლარი გამოიყო.
ქარხანა 2015 წლის ოქტომბერში ამოქმედდა და დღეისათვის, სხვადასხვა სიმძლავრის 20 ათას ენერგოეფექტურ ნათურას უშვებს. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე სრულად ხდება. გარდა ამისა, ახლო მომავალში დაგეგმილია წარმოების გაფართოება, რის შემდეგაც ნათურების წარმოება 1 მილიონამდე გაიზრდება, რომლის ნაწილიც ექსპორტზე იქნება გათვლილი.
არსებული სანათი საშუალებების (ვარვარა) ენერგოეფექტური ნათურებით (LED) ჩანაცვლება ქვეყანას 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მლრდ.კვტ.სთ ელექტროენერგიის დანაზოგს მისცემს, რაც წლიურად საშუალოდ 500მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.
AG Microelectronics-ის წარმოების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, დაწყებული მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობებით (სატელევიზიო მიმღები, ძაბვის დამცველი, მოდემი, სმარტფონი, პლანშეტი, ნოუთბუქი, ლედ ნათურა, ტელევიზორი) და დამთავრებული უახლესი მაღალტექნოლოგიური საზომი და საწარმოო მოწყობილობებით.
მიმდინარე წლის 1 მაისიდან, საქართველოს ბაზარზე ქარხანაში წარმოებული პირველი ქართული LED ტელევიზორი გამოჩნდება. სამომავლოდ ასევე იგეგმება ტელევიზორების ექპორტი.
AG Microelectronics-სთან პარტნიორობით უკვე დაინტერესდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები როგორებიცაა Microsoft, Fujitsu, Intel, Iberiasat, AG telekom. ისინი ინტერესდებიან როგორც უკვე მზა ნაწარმის შეძენით, ასევე ახალი ერთობლივი მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნით.