თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ხელისუფლებამ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო და ახლა ქვეყანას აღარ სჭირდება გაზის დამატებითი მოცულობა რუსეთიდან, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ: გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლება და აზერბაიჯანული გაზის კომპანია „სოკარი“ შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს 500 მლნ კუბომეტრი გაზით მეტს მიაწვდის, პარალელურად კი სოციალურ გაზსა და გაზგასამართი სადგურებისთვის ბუნებრივ აირზე ფასებს შეამცირებს.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულმა ღია და ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა სასურველი შედეგი გამოიღო. ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, გამოინახა დამატებითი საშუალებები საქართველოსთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდებისთვის და დეფიციტის შესავსებად, კარგი პირობებით“, — ციტირებს ჯანელიძის სიტყვებს სამინისტროს პრესსამსახური.
საქართველომ და „გაზპრომმა“ ახალი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც საქართველო ანაზღაურების სახით სომხეთში გატარებული რუსული გაზის მთლიანი მოცულობის 10%-ს მიიღებს.