თბილისი, 7 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა OPEC-ის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას ნავთობის მოპოვების დონის გაყინვის შესახებ, განაცხადა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა როვგან აბდულაევმა.
რუსეთი, საუდის არაბეთი, კატარი და ვენესუელა 16 თებერვალს დოჰაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ნავთობზე მსოფლიო ფასების დაცემის შესაჩერებლად 2016 წლის განმავლობაში ნავთობის მოპოვების რაოდენობა იანვრის დონეზე დატოვონ, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ სხვა მწარმოებლებიც შეუერთდებიან ინიციატივას. იმ ქვეყნებს შორის, ვინც ასეთი მზადყოგნა გამოთქვა, არიან ეკვადორი, ალჟირი, ნიგერია, ომანი, კუვეიტი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ერაყი და ირანი ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე საუბრით შემოიფარგლებიან, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ „ნავთობის ბაზარზე სიტუაციის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ნაბიჯებს“ და თავს არიდებენ მოპოვების დონის გაყინვის ინიციატივაზე მიერთებას.
„პირდაპირ ვიტყვი — ჩვენ ვუერთდებით ამ პოზიციას. ჩვენ ვფიქრობთ, გავყინოთ 2016 წელს ნავთობის მოპოვების პროცესი და იმავე დონეზე დავტოვოთ. ჩვენ უკვე შევაჩერეთ პროექტები (ნავთობის მოპოვების გაზრდის — რედ.). აზერბაიჯანში მოპოვების დონე იმაზე მაღალი არ იქნება, ვიდრე გასულ წელს“, – განუცხადა აბდულაევმა ტელეარხ ANS-ს.
OPEC-ის წევრი და სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნების წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა შესაძლოა 20 მარტიდან 1 აპრილამდე გაიმართოს. განიხილება შეხვედრის რამდენიმე ვარიანტი — რუსეთის რომელიმე ქალაქში, დოჰაში ან ვენაში.