თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. რუსეთისა და OPEC-ის (ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ორგანიზაცია) ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ყატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების გაყინვაზე შეთანხმდნენ, — იუწყება "რია ნოვოსტი" სააგენტო „ბლუმბერგზე“ დაყრდნობით.
საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის, ალი ალ-ნაიმის განცხადებით, ნავთობის მოპოვება 11 იანვრის დონეზე დასტაბილურდება, და იქვე დააზუსტა, რომ ამ გადაწყვეტილებას საუდის არაბეთიც ეთანხმება.
OPEC-ის ყოველთვიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საშუალო დღიური მოპოვება იანვარში 32.2 მლნ ბარელს შეადგენდა. აქედან საუდის არაბეთზე მოდიოდა 10,091 მლნ ბარელი, ყატარზე — 655 ათასი ბარელი, ნიგერიაზე — 1,869 მლნ ბარელი, ვენესუელაზე — 2,324 მლნ ბარელი.
OPEC-მა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების შემცირებისა და მასზე ფასების ვარდნის შეჩერების მიზნით, რუსეთთან და სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებთან ალიანსს გეგმავდა.