თბილისი, 6 მარტი — Sputnik. კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს ფულის შეგროვებისკენ მოუწოდა, იმისათვის, რომ გაჭირვებულთა თავშესაფარი გაიხსნას. კათოლიკოს–პატრიარქის სიტყვებით, განსაკუთრებული ყურადღება ინტელიგენციას, მწერლებს, მხატვრებსა და ხელოვნების ხალხს უნდა მიექცეს, რომლებსაც თხოვნა და ვაჭრობა არ შეუძლიათ.
„ადამიანი უნდა ეძებდეს გაჭირვებულ ადამიანს, უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები მოწყალების სულისკვეთებით. მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად… ჩვენ ყველას გვევალება, შევკრიბოთ ფული და ვიშოვოთ ასეთი სახლი, სადაც ჩვენ როგორც კეთილი სამარიტელები მივიღებთ გაჭირვებულ ადამიანებს, რამდენიმე დღით მაინც, ან უფრო მეტი", — მიმართა მრევლს პატრიარქმა.
პატრიარქმა აღნიშნა, როცა ადამიანი დახმარებას გასცემს გაჭირვებულზე, დახმარების გამცემი უფრო ხარობს, ვიდრე ვინც მიიღო დახმარება. "ის, რაც გაეცი, შენია და დაგხვდება, ის გაცხონებს და ის დაგეხმარება. შენი მოწყალება, როგორც ანთებული სანთელი, გაგიძღვება წინ და მიგიყვანს სასუფეველში… ადამიანი მოწყალე უნდა იყოს. მრავალი ადამიანი მინახავს, რომელიც მოწყალებას აძლევდა და ბედნიერად დამთავრდა მათი ცხოვრება", — ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორის სიტყვებით, ადამიანი უნდა ემზადებოდეს სიკვდილისთვის, მაგრამ კეთილი საქმეების კეთებით ის ყველაზე მეტად მომავალი, სამუდამო ცხოვრებისთვის უნდა ემზადებოდეს.