იტალიური ფაიფურის ქართველი ოსტატი, ძველი ბიჭის როლი და ფანჯრიდან "გადმომხტარი“ პეპი

© FB/Bacho Tsanavaბაჩო ცანავა და "არლეკინი"
ბაჩო ცანავა და არლეკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიჭიერი მეთოჯინე ბაჩო ცანავა პროფესიით ვეტერინარია,მის მიერ დამზადებული უნიკალური თოჯინების უმრავლესობა დღეს სამუზეუმო ექსპონატია და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში,ბათუმისა და თბილისის თოჯინების მუზეუმებში ინახება.

საკუთარი ხელოვნება იტალიაში დახვეწა, სადაც საქართველოში ვატიკანის ელჩის დახმარებით მოხვდა. არც ისე დიდი ხნის წინ, ქართულ კომედიური ფილმში "დაgoogლე ზაზუ“ ხელოვანი მისთვის უჩვეულო ამპლუაში, მსახიობად მოგვევლინა. ამჟამად საქველმოქმედო გამოფენისთვის ემზადება და როგორც თავად გვითხრა, გამოფენიდან შემოსული თანხით მას ონკოლოგიური დაავადებით დასნეულებულ ავადმყოფ ბავშვს სურს დახმარება გაუწიოს. ხელოვანმა არც ისე დიდი ხნის წინ სერიოზული შემოთავაზება მიიღო ამერიკიდან, საიდაც ნიუ-იორკის მეთოჯინეთა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა თხოვეს.

© FB/Bacho Tsanavaბაჩო ცანავა თავის ნამუშევრებთან
ბაჩო ცანავა თავის ნამუშევრებთან - Sputnik საქართველო
ბაჩო ცანავა თავის ნამუშევრებთან

—  ბაჩო, მათთვის ვინც არ იცის, გაიხსენეთ, როდის დაიწყეთ თოჯინების ძერწვა?

— თოჯინებს 10 წლიდან ვძერწავ. თავიდან ჩემი ნამუშევრები მხოლოდ ბავშვური გართობა იყო, სახეს ვერ ვძერწავდი, მაგრამ ჩემი ნამუშევრები იმდენად დინამიური იყო, რომ ყველას ყურადღებას იქცევდა. რაც მთავარია, მათ ძველებურ ტანისამოსში ვაწყობდი.

- უცნაურია, ხატვა არ იცით და თოჯინებს ესკიზების გარეშე აკეთებთ.

— ხატვა მართლა არ ვიცი და რადგან ხატვის გარეშე სამხატვრო აკადემიაში ვერ მოვხვდებოდი, გადავწყვიტე, რომ ვეტერინარულზე ჩამებარებინა, თანაც, ძალიან მიყვარს ცხოველები, თქვენ წარმოიდგინეთ  არც ქვეწარმავლის მეშინია. თუმცა ვაღიარებ, რომ ერთი ფობია მაინც მაქვს: ფრინველების ბუმბულის მეშინია და მათ ვერ ვეხები. ცხოველების სიყვარულის გამო ფართო პროფილის ვეტერინარ-ექიმი გავხდი. პროფესიით არსად და არასოდეს მიმუშავია. ჩემი არჩევანი ერთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა: ბოლო კურსზე რომ ვიყავი, უნივერსიტეტის სააღდგომო გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ჩემმა ნამუშევრებმა იქ მოწონება დაიმსახურა და მაშინ მივხვდი, რომ ჩემგან ვეტერინარი არასოდეს დადგებოდა. მას შემდეგ მთლიანად თოჯინების დამზადებაზე გადავერთე. თითო თოჯინას ზოგჯერ თვეები ჭირდება- ძალიან საინტერსო, მაგრამ შრომატევადი პროცესია, რომლის დროსაც განსაკუთრებული გარემო მჭირდება. მაგალითად, როცა ვმუშაობ, კლასიკურ მუსიკას ვუსმენ, თანაც, ბოლო ხმაზე მაქვს აწეული. ასე რომ მთელმა კორპუსმა იცის, რომ  ვმუშაობ და არ აპროტესტებენ…. 

© FB/Bacho Tsanavaბაჩო ცანავას ნამუშევარი
ბაჩო ცანავას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბაჩო ცანავას ნამუშევარი

- ვიცი, რომ გასული წელი თქვენთვის შემოქმედებითად დატვირთული იყო, რა მნიშვნელოვანი სიახლეები და შემოთავაზებები გქონდათ?

— დავიწყებ იმით, რომ შემომთავაზეს, მონაწილეობა მიმეღო ნიუ-იორკის მეთოჯინეთა საერთაშორისო გამოფენაში, სადაც ჩემი ნამუშევარი კატალოგში შევიდოდა. თუმცა ეს ფაქტი დედის ავადმყოფობის პერიოდს დაემთხვა, რის შემდეგაც მალე გარდაიცვალა. ამიტომ იქ ჩასვლა და ჩემი ნამუშევრის გაგზავნა ვერ მოვახერხე. უბრალოდ ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო.

- ბაჩო, ახსენეთ, რომ თოჯინებს ძველებურ ტანისამოსში აწყობთ, ამასთან ვიცი, რომ ძველებური ნივთებიც გიყვართ.

— ძალიან მიყვარს, მეგობრები მეუბნებიან, ნამდვილი მეძონძე ხარო, რადგან ვაგროვებ ყველაფერს, რაც ძველია და საუკუნეს ითვლის. სწორედ ამიტომაა, რომ ჩემს მიერ გაკეთებულ თოჯინებს სიძველის ელფერი ადევთ. ხშირად დავდივარ მშრალ ხიდზე, სადაც ძველი ნივთებია გამოფენილი. არ ვიცი, კონკრეტულად რას ვეძებ, მაგრამ როცა რამე მომეწონება მისი ყიდვის შანსს ხელიდან არ ვუშვებ. 

- ერთხელაც იტალიაში ჩახვედით, რომ ადგილობრივი ფაიფურის ხელოვნება შეგესწავლათ.

— ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე გამორჩეული პერიოდი, ნეაპოლში საქართველოში ვატიკანის ელჩის, კლაუდიო გუჯეროტის დახმარებით მოვხვდი. იქ მსოფლიოში ცნობილ კაპო დე მოტეს სამეფო ფაიფურზე ვმუშაობდი. იტალიაში საოცარ ადგილას ვცხოვრობდი, ეს იყო ძველებური სასახლე ულამაზეს ადგილას-თავის ზღაპარში მეგონა. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ იტალიაში როგორც ხელოვანი საბოლოოდ ჩამოვყალიბდი.

- ვიცი, ამპლუაც შეიცვალეთ, კომედიურ ფილმში თქვენს მიერ განსახიერებულ როლზე რას იტყვით?

— დიახ, მონაწილეობა მივიღე ფილმში, სადაც რეჟისორმა გიორგი მეგრელიძემ ამიყვანა და ვითამაშე საკუთარი თავისგან განსხვავებული ტიპაჟი, ანუ ძველი ბიჭი. ფილმში, რომლის სახელიცაა, "დაგუგლე ზაზუ“, ჩემი პარტნიორი მიშა მესხი იყო. ეს არის კომედია და ამ როლით კინოში ჩემი დებიუტი შედგა. სხვათაშორის ძალიან განსხვავებული ქართული კომედიაა და მაყურებელმა ის კარგად მიიღო.

© FB/Bacho Tsanavaბაჩო ცანავა და "ჰარი პოტერი"
ბაჩო ცანავა და ჰარი პოტერი - Sputnik საქართველო
ბაჩო ცანავა და "ჰარი პოტერი"

- ბაჩო, თქვენს ნამუშევრებში იტალიის მერე ხომ არ გაჩნდა ზღაპრის პერსონაჟები და რაიმე უჩვეულო ფაქტი ხომ არ გახსენდებათ? 

— საერთოდ ზღაპრის პერსონაჟებს მანამდეც ვაკეთებდი და მიყვარდა, მაგრამ იტალიის მერე მათ სხვა დატვირთვა შეიძინეს. ერთი უცნაური ამბავი მინდა მოგიყვეთ: პეპის თოჯინაზე რომ ვმუშაობდი, ასეთი ამბავი მოხდა. თოჯინა უკვე დამთავრებული მქონდა, საღებავი ახალი წასმული იყო, ამიტომ ფანჯარა გამოვაღე და ეს ჩემი პეპი რომ გამშრალიყო, რაფაზე მოვათავსე. უცებ ორპირი ქარის გამო ოთახის კარი გაიღო და პეპი მესამე სართულიდან გადავარდა… ვიფიქრე, ალბათ დაიმტვრა და მაინც არაფერი ეშველება თქო, ეზოში კი ნატეხების ასაკრეფად ჩავედი. ქვემოთ ჩასულმა კი აღმოვაჩინე, რომ თოჯინა სრულიად უვნებელი იყო, მხოლოდ ხელები ჰქონდა გაშლილი — გამიხარდა და გავიფიქრე, რომ ეს ამბავი ალბათ პეპის პერსონაჟის ხასიათიდან გამომდინარე მოხდა. მან ჯერ ისკუპა ფანჯრიდან, მერე გადარჩა და ის პოზა მიიღო, რაც მას "მოუნდა“. წარმოიდგინეთ, ფაიფურისგან დამზადებული თოჯინა მესამე სართულიდან რომ გადმოვარდება და გადარჩება.  

- დიდი მადლობა და საინტერესო შემოქმედებით აღმოჩენებს გისურვებთ.


ყველა ახალი ამბავი
0