საქართველოს პრემიერმა ბორჯომში სასტუმრო Crowne Plaza Borjomi გახსნა

გამოწერა
ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაში 32 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, დასაქმებული იყო 250 ადამიანი, სასტუმროს მართვაში კი მონაწილეობს 150 ადამიანი.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group-ი ბორჯომში ცნობილი ბრენდით — Crowne Plaza შემოვიდა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi" დღეს ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური. 

ამ სასტუმროს მშენებლობაში 32 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, დასაქმებული იყო 250 ადამიანი, აქედან 150-ზე მეტი იყო ადგილობრივი მცხოვრები. სასტუმროს მართვაში მონაწილეობს 150 ადამიანი. 

„ეს სასტუმრო კიდევ უფრო უსვამს ხაზს, ბორჯომის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულების მნიშვნელობას. ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სტრატეგიული დარგია. სასიხარულოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში შეიმჩნევა ვიზიტორების რიცხვის ზრდა, 23 პროცენტით არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით," — განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. 

მისივე თქმით, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბორჯომში ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც კურორტს საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად აქცევს.

"სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ პროგრამას "აწარმოე საქართველოში" დაემატა ახალი კომპონენტი "უმასპინძლე საქართველოში," რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში სასტუმროების ქსელის განვითარებას. დიდი

მადლობა კომპანია „დიზონ ლიმითედს" ამ სასტუმროს პროექტის განხორციელებისთვის. კომპანიამ ასევე აღადგინა ბორჯომის გოგირდის აუზები, რომლებსაც ხანგრძლივი ისტორია აქვთ და ამ კურორტისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მათი აღდგენა," — აღნიშნა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა პროექტირება და განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს. 

"ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის იგეგმება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის ქუთაისის სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, ქუთაისის სვანეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, მცხეთა-ლარსის ავტომაგისტრალი და მთლიანად საქართველოს მთელი სატრანზიტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხერხემალი უნდა დამთავრდეს 2020 წლის ბოლომდე. დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს, საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით, ყველა ამ პროექტის პროექტირება და მშენებლობა და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება," — განაცხადა პრემიერმა.


ყველა ახალი ამბავი
0